ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცამეტი საკითხი განიხილეს.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1,818,9 ათასი ლარით იზრდება. არჩილ ვანაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით ბიუჯეტის გადასახდელებში ასახულ იქნა როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში გასახორციელებელი სამუშოების თანადაფინანსება, ასევე, საკუთარი შემოსავლებისა და ეკონომიების ხარჯზე დამატებით გათვალისწინებულ იქნა რიგი ინფრასტრუქტურული, სპორტული, კულტურული და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს „2017 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გახორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტით წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი. აღნიშნული პროექტების ჩამონათვალი შემდგომში წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ბათუმის ავტობუსების პროექტის დაფინანსების მიზნით ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სესხის და გრანტის მიღებას. ბათუმის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის გოგა ლომაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ქ. ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #205-ის მიმდებარედ არსებული 1348,00 კვ.მ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემას, შემდგომში მისი „აგროპროქტების მართვის ცენტრისთვის“ სარგებლობაში გადაცემისა და მომსახურების ცენტრის განთავსების მიზნით, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომაზე დადებითად გადაწყდა, ბათუმის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, ქუთაისის N4-ში მდებარე 41,8 კვ.მ ფართის ბინის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხიც, შემდგომში მისი აღნიშნულ ბინაში მცხოვრები მოქალაქისთვის საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის მერს მიეცა თანხმობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, საკრებულოს განკარგულების პროექტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. ბათუმის მერს, ასევე, მიეცა თანხმობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, (გოგებაშვილის ქ. N24, N26, N28-ს მოპირდაპირედ მდებარე 147 კვ.მ და 73, 0 კვ.მ) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაეცემის თაობაზე.
ცვლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N50-ე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვარა შენობის სიმაღლის მაქსიმალური ნიშნული, ავტომანქანების პარკირების ადგილების რაოდენობა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტთან მიმართებაში კონკრეტული ფუნქციური ზონების მიხედვით; დაუშვებლად იქნა მიჩნეული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 500 კვ.მ-ს, ასევე, – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ხელმეორედ გაზრდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე გახორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის განახლებული პერსონალური შემადგენლობები. სხდომას, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი