“სატენდერო წინადადება არ შეიცვლება” – ასეთია ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ბოლო პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების სააგენტომ ორჯერ მიუთითა დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ხელშეკრულება “საბა კონსტრაქშენთან” მაინც გააფორმა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ქარელის მერმა შესყიდვების სააგენტოს მითითება არ გაითვალისწინა. პირველი მითითების შემდეგ, სხვა კომპანიებს უფრო მეტად გაურთულა მონაწილეობის მიღება.
შედეგად კი მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ ,,საბა კონსტრაქშენმა” მიიღო, მან ზუსტად ის თანხა მიუთითა ტენდერში, რაც საწყის ფასს წარმოადგენდა და გაიმარჯვა კიდეც.
რაც შეეხება მეორე კომპანიას, “კონსტრაქშენ სერვისს”, დღეს აცხადებს, რომ ქარელის საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კომერციული ინტერესი აღარ გააჩნია და მასზე ბრძოლა აღარ ღირდა. თუმცა, ამ კომპანიის საჩივრებმა და განხილვებმა ნათლად გამოაჩინა ქარელის მუნიციპალიტეტის მუშაობის სტილი ტენდერებში.
,,ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ შესყიდვების სააგენტომ კარგად იმუშავა და სათანადო რეკომენდაციები მისცა ქარელის მერიამ. რაც შეეხება ამ რეკომენდაციების შესრულება ან არშესრულების საკითხს, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით,” – თქვა “კონსტრაქშენ სერვისის” წარმომადგენელმა.
2019 წლის 29 იანვარს, ქარელის მერიამ, საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 5,6 მლნ ლარით განისაზღვრა. პროექტი 2-ეტაპიანია და დასრულდება 2021 წელს.
აღნიშნული ტენდერი არ შედგა, რადგან ქარელის მერიას კომპანია ,,კონსტრაქშენ სერვისმა უჩივლა“. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სატენდერო პირობები იყო დისკრიმინაციული და უკონკურენტო გარემოს ქმნიდა.
კერძოდ, შპს ,,Construction Service”-ის წარმომადგენლის ცნობით, დისკრიმინაციული იყო ის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონოდა თანაც 8,4 მლნ ლარის ფარგლებში.
დავების საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით დადგინა რომ, სატენდერო დოკუმენტაცია არაადეკვატურად ასახავდა ქარელის მერიის საჭიროებას და ამავდროულად არც უზრუნველყოფდა პროპორციულ და არადისკრიმინაციულ მიდგომას.
შესაბამისად, ქარელის მერიას ახალი სატენდერო პირობების დადგენა დაევალა.
2020 წლის 12 თებერვალს ქარელის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად, გამოცდილების შესახებ მოთხოვნები იმდაგვარად შეცვალა, რომ სხვა კომპანიას უფრო მეტად გაუჭირდათ მონაწილეობის მიღება:
კერძოდ, ,,კონსტრაქშენ სერვისის“ წარმომადგენლის ცნობით, უფრო მეტად შეიზღუდა ტენდერში კონკურენტული გარემო, გამკაცრდა მოთხოვნები და ამის გამო კონკურში არც ერთმა სხვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა“ ზუსტად ის თანხა მიუთითა, რაც საწყისს ფასს წარმოადგენდა.
2020 წლის 24 მარტს, შესყიდვების სააგენტომ ქარელის მერს, ამჯერად, მეორედ დაავალა არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამომწურავ ინფორმაციის ანალიზზე იქნებოდა დაფუძნებული.
ქარელის მერიაში განმარტავენ, რომ მოთხოვნები პირველი საჩივრის შემდეგ დააკორექტირეს, მეორე საჩივრის შემდეგ კორექტირება საჭიროდ აღარ ჩათვალეს.
რა ხდება ამჟამად?
2020 წლის 20 მაისს, ქარელში, ,,საბა კონსტრაქშენმა“ აუზის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოს ღირებულება 5,6 მლნ ლარს შეადგენს.
აღნიშნული კომპანია ბათუმში სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს აშენებს, რომელმაც ვადებს გადააცილა. ქარელის მერიამ, კომპანია ,,საბა კონსტრაქშენის“ საუკეთესო გამოცდილებად, სწორედ ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიიჩნია.
როგორც კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სატენდერო პირობები, სწორედ, ,,საბა კონსტრაქშენზე“ იყო მორგებული.
კერძოდ, ტენდერში გაიმარჯვებდა კომპანია, რომელსაც არანაკლებ 10 მლნ ლარის ,,ტენდერი ერთხელ უკვე იქნა გასაჩივრებული შპს Construction Service -ის მიერ. სატენდერო პირობების გამოცდილების მოთხოვნიდან ამოღებულ იქნა ,, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ან/და საცურაო აუზის მშენებლობა-რიაბილიტაციის შესრულების გამოცდილება „ და მიეთითა შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, შეიცვალა მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით“ – აღნიშნავს ქარელის მერი.
რა შუაშია ბათუმის დაუმთავრებელი სპორტული კომპლექსი?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა” გამოცდილებად ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიუთითა. მან ქარელის მერს ბათუმიდან ჩამოტანილი ცნობა წარუდგინა, სადაც წერია:
,,2018 წლის 08 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული არანაკლებ 6 (ექვსი) მილიონი ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით,” – წერს შპს ,,ბათუმის სტადიონის” დირექტორი ჯაბა სურმანიძე.
2018 წლის მარტში კომპანია ,,საბა კონსტრაქშენს” 6 მლნ ლარი ავანსად ჩაურიცხეს. ეს თანხა ,,საბა კონსტრაქშენმა” მასალების შესაძენად გამოიყენა. როგორც Qartli.ge-მ გაარკვია, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობის ღირებულება 55,6 მლნ ლარზე მეტია და ჯერ არ დამთავრებულა.
ქარელის მერია კი პრეტენდტისგან ითხოვდა დადებით რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ მან ანალოგიური ტიპის სამუშაოები შეასრულა ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით.