ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია თელავში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

107

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “ალალი” თელავში ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე განმარტავს, რომ წარმოების გაფართოება “ალალის” ახალი პროდუქტების დასამატებლად დასჭირდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

“ახალ საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება, სეზონზე კი 10 დასაქმებული დაემატება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 200 000 ლარია. ამ თანხის ნახევარს პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს, ნახევარს კი თავად კომპანია გაიღებს”,- აცხადებს გოჩა ღვენფაძე.

მისივე თქმით, კომპანია ამ ეტაპზე 5 სახეობის წვენს აწარმოებს.

“ამ ეტაპზე 5 სახეობის წვენს ვაწარმოებთ: ატამი, ვაშლი, ყურძენი, მაყვალი, ციტრუსი. ახალი საწარმოს ამუშავებისთანავე ვგეგმავთ, რომ ალუბლის, ბროწეულის, კივის და ფეიხოას წვენებიც დავამატოთ. გარდა ამისა, ვფიქრობთ ბოსტნეულის წვენის წარმოებასაც”, – ამბობს ღვინეფაძე.

“ალალი” ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. მისი საწარმო თელავში მდებარეობს და 20-25 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებისგან ყიდულობს.