ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ე.წ. „რესპუბლიკის“ მთავარმა ექიმმა ანა გაგლოევამ „სპუტნიკ-ოსეთიას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ოთხივე დაინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან არიან.
„კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. სამი მათგანი კურსანტია,“ – განაცხადა გაგლოევამ.
ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 42 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 794 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.