ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება

1190

ბათუმის ცამეტი საჯარო სკოლის მზის ელექტროსადგურებით აღჭურვა მალე დაიწყება. დეტალებთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებს აჭარის განათლების სამინისტროში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვური კომპანია „ვია სოლისის“ პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით, სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ, მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სადგურების უშუალო მონტაჟი, თუმცა, აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.