პრემიერი „ნაცმოძრაობაზე“: 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება არავის აინტერესებდა და დღეს მედავებიან, თან ტყუილებით, რომ ზედმეტი საბუთები მოვითხოვეთ სოციალური დახმარების გასაწევად

1112

2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რათა სოციალური დახმარება გაგვეწია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით, პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში თვითდასაქმებულები საერთოდ არ აღირიცხებოდნენ.

„უბრალოდ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად იბრძვის მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად ორ ძირითადად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტობრივად – გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული შემოსავალი, სახლში შესატანი შემოსავალი, ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდა. არც აღირიცხებოდა, საერთოდ ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში”, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.