მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პირველ საჯარო განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.
„საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა. მანამდე ეს დრო იყო შერებული. მომდევნო კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ კითხვებს, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. ამ განხილვას მალევე მოყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში. სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს. უკვე კონსულტაციები გვაქვს ამაზე დაწყებული. ამის მერე, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შედეგ გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა. იმედი მაქვს, დღევანდელი მოცემულობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ რომ გამოვიტანოთ სამივე კენჭისყრაზე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.