ახალციხის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ დაშლის საკითხი ცნობად მიიღო. ორმა წევრმა ფრაქცია ერთდროულად, ერთ დღეს დატოვა, მიზეზი – უცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ „ასე იყო საჭირო“. ფრაქციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა „მერის ბრძანება შეასრულეს“. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ გაუქმების შესახებ, ინფორმაცია დეპუტატება ცნობად გუშინ, 27 მაისს მიიღეს.
ფრაქციაში სულ სამი წევრი იყო: არჩილ უჩიძე, მკრტიჩ გინოსიანი და თამარ გოგოლაძე. შექმნიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მოულოდნელად, ორმა დეპუტატმა ერთობლივად განაცხადა უარი ფრაქციაში ყოფნაზე, შესაბამისად „ქართული ოცნება მწვანეები“ დაიშალა.
რა მიზეზით დატოვეს ფრაქცია, დეპუტატები არ აკონკრეტებენ. მკრტიჩ გინოსიანი მედიასთან ადასტურებს, რომ საკრებულოს ორივე წევრი შეთანხმდა ფრაქციის დატოვებაზე: „ეგ კანონდარღვევა არ არის, ჩემი ნებაა. ლაპარაკობენ, რომ ეს მერის ბრძანებაა, მაგრამ ეგრეთი რაღაცა საერთოდ არ არსებობს, ვინც ასე ლაპარაკობს, თავი შეიკავონ“, – ამბობს გინოსიანი.
კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა ფრაქცია, ამბობს, რომ მისი ფრაქციაში შესვლაც და იქიდან გამოსვლაც, საჭირო იყო: „წინასწარ ეგრე იყო საჭირო, ახლაც ეგრეა“.
თამარ გოგოლაძე, რომელიც თანაფრაქციელებმა მარტო დატოვეს, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დეპუტატებს დამოუკიდებლად არ მიუღიათ და მათ ის გააკეთეს, რა დავალებაც მერიიდან მიიღეს. ამის მიზეზად იგი მერიის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ასახელებს:
„ეს არ იყო მათი მოფიქრებული, რაც უთხრეს ის გააკეთეს და მოვისმინე, რომ დაადასტურეს. სხდომებზე მე კრიტიკულად ვუდგები მერიიდან შემოტანილ საკითხებს, ტენდერებს, თანხების ბუნდოვანებას და ა.შ. და ბუნებრივია ეს არ მოეწონათ“, – აცხადებს გოგოლაძე.
მისივე თქმით, მერიის მიზანია, რომ იგი რიგი საკითხების განხილვას ჩამოაშოროს: „ფრაქციის თავმჯდომარე არის ასევე ბიუროს წევრი, სადაც უფრო წვრილად გადის საკითხები, ამიტომ მე რომ რაღაცებში ნაკლები შეხება მქონდეს, ასე გააკეთეს. და მეორეც, ეს არის ხელფასის საკითხი. ბიუროს წევრი აღარ ვიქნები, მაგრამ ვარ საფინანსო კომისიის წევრი და ვარ სოციალურ კულტურული კომისიის წევრი“.
საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს. მან 22 მაისს „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ეს დეპუტატები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებოდნენ: „მათი გადასაწყვეტი იყო და ალბათ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებიათ პოზიცია, ალბათ შეუერთდებიან სხვა ფრაქციას და ფრაქციის თავმჯდომარის სახელზე დაიწერება შესაბამისი განცხადება“, – ამბობს ნოზაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ ახალციხის საკრებულოში 2017 წლის დეკემბერში შეიქმნა.
არჩილ უჩიძემ და მკრტიჩ გინოსიანმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებები 22 მაისს დაწერეს.