პრემიერის მრჩეველი: მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი

570

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

„არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე – მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ – საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი – ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“.

„რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.