ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია, მომდევნო წლების მუშაობის შედეგად, საქართველო ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ

364

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში – „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს.

„ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა – სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 2022 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში.

„საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. 2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10-წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარებისა და მათ შორის ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად. 2012 წელს, შედარებისთვის, მსოფლიოს უკანასკნელ ოცეულში ვიყავით გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ომი არ იყო, იყო რეჟიმი, სასტიკი, დანაშაულებრივი, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ მომდევნო წლების მუშაობის შედეგად, საქართველო ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ. თუ შევადარებთ საქართველოს მონაცემებს მოლდოვასა და უკრაინას, ნათელია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ყველამ კარგად იცის, მთელმა მსოფლიომ იცის, ეს რეიტინგები, რომლებიც ჩამოვთვალე, არის მათი დაწერილი, ევროპული, ამერიკული საერთაშორისო გლობალური, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პარლამენტში პრემიერმინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.