პრემიერი ახალციხის მერზე: დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში

1163

დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში, თუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, შესაბამისი, დამოუკიდებელი ორგანოები არსებობენ, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, დეპუტატ გიორგი გოგიჩაიშვილის დასმულ შეკითხვის პასუხად.

„ერთი რამ მიკვირს, ამ ქვეყანაში არსებობს ანტიკორუფციული სამსახური. ადამიანმა ის შრომა მაინც ხომ უნდა გაწიოს, სადღაც მივიდეს, განცხადება დაწეროს და ჩვენება მისცეს. ხომ არ შეიძლება ყველაფრის სხვისგან მოლოდინი იყოს. რა თქმა უნდა, დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში, მაგრამ თუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, ადამიანები უნდა მივიდნენ, ამისთვის ამ ქვეყანაში შესაბამისი დამოუკიდებელი ორგანოები არსებობენ. პროკურატურა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტია. არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები. ერთ ორ ნაბიჯს რომ გადადგამენ, ნებას იბოძებენ და რაღაცას გააკეთებენ და რომ არაფერი არ გამოვა, მერე რომ მოვლენ, უფრო ლეგიტიმური იქნება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

27 მაისს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, კითხვა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით დაუსვა. “ქართული ოცნების” დეპუტატს აინტერესებდა, რა პასუხს გასცემდა მთავრობის მეთაური ახალციხის მოსახლეობას, რომელიც ზაზა მელიქიძემ “გაყვლიფა”.