ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს და “წითელი ჯვრის” მოხალისეს გირაო შეეფარდათ

610

წინა სტატია

საკრებულოს წევრს და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 1500 ლარის გადახდა დაეკისრა “წითელი ჯვრის” მოხალისეს დავით ღურწკაიას. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

როგორც ბათლომე შელიამ რადიო ათინათს უთხრა, სასამართლოს მომდევნო სხდომა 55 დღეში ჩაინიშნა.

საკრებულოს წევრს და წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდების მხარის განმარტებით, ამ პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ, ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაგეგმა როსტომ ზარანდიამ, რათა “პრესის ქვეშ” ჰყავდეს ოპოზიციონერი წინასაარჩევნოდ.

თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტი დეპუტატს სდებს ბრალს პოლიტიკურ სპეკულაციაში და აცხადებს, რომ როგორც ჩანს, საკრებულოს წევრს სურს “ჩაგრულის მანტია მოისხას”.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.- მ რ.ზ.- ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.- მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.