“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზუგდიდში, საკრებულოს წევრის, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ორმაგი სტანდარტია დამკვიდრებული, რომლის მიხედვითაც კანონის სრული სიმკაცრე მხოლოდ ოპოზიციას უნდა შეეხოს, ეს კი “ქართულ ოცნებას” ბუმერანგივით დაუბრუნდება.
“ბათლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში. ის წარმოადგენს “ევროპულ საქართველოს” და მას აქვს მართლა ძალიან მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის პოლიტიკური და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი. მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” და მათი პროკურატურა მას მოექცეს ველურად. მათი სტილია ეს. მე მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. ძიუდოისტი “ჩამიდეს” და დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი, დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
“ევროპული საქართველოს”ლიდერის თქმით, ამის უკვე აღარავის ეშინია და არც არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ დააზიანებს საერთაშორისო რეპუტაციას “ქართული ოცნების” და თვითონ “ქართულ ოცნებას”. უგულავა ამბობს, რომ ეს მმართველი პარტიის არჩევანია და ბათლომე შელია ამით არაფერს დაკარგავს.
საკრებულოს წევრს და წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდების მხარის განმარტებით, ამ პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას.
დეპუტატი ირწმუნება, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ, ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაგეგმა როსტომ ზარანდიამ, რათა “პრესის ქვეშ” ჰყავდეს ოპოზიციონერი წინასაარჩევნოდ.
თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტი დეპუტატს სდებს ბრალს პოლიტიკურ სპეკულაციაში და აცხადებს, რომ როგორც ჩანს, საკრებულოს წევრს სურს “ჩაგრულის მანტია მოისხას”.
48 საათის განმავლობაში, სასამართლო ორივე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.