ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოყვში, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაფართოებითი სამუშაოების დროს გამოვლენილი და დაზიანებული კულტურული ფენების აღდგენასა და კონსერვაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.
ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანების ფაქტზე სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შსს-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის იანვრის თვიდან უკვე დაწყებული აქვს სისხლის სამართლებრივი მოკვლევა.
„მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად სააგენტოს მიერ მომზადებული არქეოლოგიისა და არქიტექტურის ძეგლების კვლევის ანგარიშისა, რომელიც საგზაო მარშრუტზე არსებული კულტურული ფენების არსებობას და მასთან მიმართებაში არქეოლოგიური ზედამხედველობის აუცილებლობასაც განსაზღვრავდა, შემსრულებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ტექნიკური რეკომენდაციები. არსებული ინფორმაციით, მშენებელმა კომპანიამ აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული მარშრუტი შეცვალა, სადაც გასული საუკუნის დასაწყისის ეკლესიის ნანგრევების ქვეშ არსებული კრიპტა (საძვალე) დააზიანა. დაზიანებული ობიექტიდან ამოღებული არქეოლოგიური მასალა ამჟამად ონის მხარეთმცოდეობის მუზეუმშია გადატანილი, სადაც მათზე საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა განხორციელდება“,- აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციაში.