სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

522

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის 1 200 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებისა და პროგრამების დაფინანსებით პროექტებს ახორციელებენ. 2022 წელს, იმერეთის მხარეში, 132 მილიონი ლარის 1200 პროექტია დაფინანსებული. ამ პროექტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მთის ფონდით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები შედის. დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სამუშაოები ადგილზე მოვინახულეთ. პროექტები მრავალფეროვანია და პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის მთელ სპექტრს მოიცავს – საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ჩათვლით,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.

„საჩხერეში, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ტურისტული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭიათურაში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, შადრევანი, სკვერი, სკეიდბორდის მოედანი მოეწყო, შენობებსა და ტროტუარებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, დასასვენებელი სივრცეები ეწყობა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ევროკავშირის დაფინანსებით, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლებამდე მისასვლელი გზებიც ეწყობა.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტები თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. საავტომობილო გზების გარდა, რეაბილიტაცია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას უტარდება,“ – აცხადებენ სამინისტროში.