კორონავირუსის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.
პრემიერმინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა.
წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, – განაცხადა პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.