რუსთავის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაო შეაჯამეს

507
რუსთავის მერია

ახალი კონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქის მერიაში რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავისმერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამთვიანი მუშაობის ანგარიში რუსთავის მერს მერიის ყველა სამსახურმა და ა(ა)იპ-მა წარუდგინა.

„ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან, ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, რუსთავის მერიაში, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. სწორედ აღნიშნული საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. პირველ რიგში, ქალაქის მერიამ მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა დაიწყო. ჯამში, მოხალისედ 230-ზე მეტი რუსთაველი დარეგისტრირდა. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც. მათ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპურტატებთან ერთად, 70 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის, რომლებიც უფასო სასადილოს სერვისით სარგებლობენ, საკვები სახლში მიჰქონდათ. მოხალისეები უწევდნენ რუსთაველებს, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტის და მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისსაც.

პანდემიის პირველივე დღეებში, რუსთავის მერიაში ქოლ ცენტრი ამუშავდა. ქოლ ცენტრს 8 ოპერატორი ემსახურებოდა. სწორედ ცხელ ხაზზე შემოსული ზარების და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა, იმ მოქალაქეების ინდენტიფიცირება, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ. სულ ქოლ ცენტრში, 18 488 ზარი და 20 720 მოთხოვნა შემოვიდა.

ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ქალაქის მერიამ 4 სხვადასხვა სოციალური პროექტი აამოქმედა. პროგრამები საკვებით, მედიკამენტებით და ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა მეოთხე პროგრამაც, რომელიც რუსთაველი მოსწავლებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს. ამ პროგრამაში, ბენეფიციარების ჩართვა, საჯარო სკოლებიდან გადმოგზავნილი სიების მიხედვით მოხდა. პროგრამით 600-მა რუსთაველმა მოსწავლემ ისარგებლა.

მარტიდან დღემდე, რუსთავის მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტით 20 000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, მედიკამენტების პროგრამით ისარგებლა 1200-ზე მეტმა რუსთაველმა, ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი, 200-მდე ოჯახშია მიტანილი.

სოციალური პროგრამების გარდა, აქტიურად მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე იმ შენობებში, სადაც პანდემიის პირობებში მოქალაქეების მცირე თავშეყრა, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მაინც ხდებოდა. დეზინფექცია უტარდებოდა საზოგადოებრივ ტრანპორტსაც. ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი, უფასო სასადილოების ბენეფიციარების გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

ქალაქის მერის ინიციატივით, სარგებლობის უფლებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლო ჰქონდათ დაკისრებული, გადასახადის გადახდისგან, 3 თვით გათავისუფლდნენ. დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან იყო გათავისუფლებული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. ადგილობრივი, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გადახდისგან გათავისუფლდა შიდასაქალაქო და რუსთავი-თბილისის M2 კატეგორიის ტრანსპორტიც.

პანდემიის პერიოდში, რუსთავში სამი საკარანტინო ზონა ფუნქციონირებდა. სამი საკარანტინო სივრციდან ორი, სამედიცინო პერსონალით ქალაქის მერიამ უზრუნველყო. მერია ახორციელებდა საკარანტინე ზონიდან გამოსული ადამიანების ტრანსპორტირებასაც.

შექმნილი იყო ე.წ. ტირ-პარკი, სადაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე, ხდებოდა ყველა საერთაშორისო გადამზიდავის შემოწმება და მათი თვითიზოლაციის პირობებით უზრუნველყოფა. ტირ-პარკი ფუნქციონირებას დღესაც აგრძელებს.

მოსახლეობის დახმარების პროცესში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„დღეს ჩვენ გაწეულ სამუშაოს ვაჯამებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი დავამარცხეთ და დღეიდან მოსახლეობის დახმარებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ვწყვეტთ. პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ ბიზნესმენს, თუ რიგით რუსთაველს, რომელთა პირადი შემოწირულობებითაც ძალიან ბევრ თანამოქალაქეს დავეხმარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან, რომ არა მათი მონდომება და პროფესიონალიზმი, ამ პერიოდში, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგვიჭირდებოდა. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად თავდაუზოგავად იმუშავეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, რადგან მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებდით, საჭიროების მიხედვით გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ სულ მალე, მათი აუცილებლობა აღარ ექნება ქალაქს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამები ძირითადად მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 599 428 ლარია სულ დახარჯული. რუსთავში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა იყო დადასტურებული, ცხრავე მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელებულია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;

შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.