ტიკარაძე: ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეული წესების დადგენაზე

686

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეული წესების დადგენაზე. მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღესდღეობით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,36 ნიშნულზეა, რაც არ იძლევა გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას.

„რაც შეეხეა ტრანსპორტის ამოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას მივცეთ რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორტთან მიმართებით, ჩვენ მივიღეთ ერთი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას. ეს გულისხმობს, რომ საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებით ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით და ასევე, ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მსუბუქი მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე.

30 მარტიდან, მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში მძღოლის გარდა 2 ადამიანი იჯდა უკანა სავარძელზე.