პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით გარკვეული სახის შეზღუდვები შეინარჩუნოს, თუნდაც მაგალითად, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტა, თუ დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია, ეს არ ნიშნავს იმას, ვირუსი დამარცხდა.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იძულებულები ვართ, გარკვეული სახის შეზღუდვები შევინარჩუნოთ, მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კოვიდ 19-თან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები პირველ რიგში, საზღვრებზე კონტროლის კუთხით. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის ქვეყანაში გავრცელება. ძალზედ ეფექტიანი იყო საკარნტინო ზონების შექმნა, უაღრესად ეფექტიანი იყო ის ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანაში მობილობის შემცირების საშუალება მოგვცა და თუ საქართველოში საშუალოდ გვყავს მაგალითად, დღეში 2, 5 ან 10 ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად და ეტაპობრივად გაანახლონ თავინთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ“,-განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 723 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.