ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის

782

პრემიერმინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღებენ.

პრემიერის მრჩეველმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხვალიდან, 22 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. ჩიქოვანმა განმარტა, რომ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების განსხვავებული რეჟიმი იქნება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელ მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID-19-ის კონტროლსა და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის იმის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID-19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა