დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შატილში სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე – სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.
„უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა-მოწყობილობები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი კი, 1,5 მლნ ლარია.
შატილის სკოლა-პანსიონში შარშან ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა. სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო.
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, შატილში ახალი სკოლა აშენდება, მანამდე კი მოსწავლეები ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ სწავლას.