თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.
„თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. პრობლემა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, თბილისიდან რუსთავში ჩასვლა უნდა, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც რუსთავში ცხოვრობს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სერიოზული კომფორტი იქნება. შესაბამისად, მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდეგნილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები საიდან უნდა გავიდნენ ავტობუსები რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია ამ პასუხისმგებლობას აიღებს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. იმოძრავებს განახლებული ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგანგებო მდგომარეობის ფარგებში საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 713 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 475 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.