ასპინძის ქუჩაზე, N38 კორპუსის მიმდებარე ეზო რამდენიმე დღეა წყლით ივსება. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, წყალმომარაგების კომპანიამ მიწა იმ ადგილზე გათხარა, სადაც დაზიანება არ იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახი სამი დღე უწყლოდ დარჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის ქუჩაზე, სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო, უკვე ერთ კვირაზე მეტია ეზო მაშინ იტბორება, როცა დღეში ორჯერ განრიგის მიხედვით, სისტემაში წყალს უშვებენ.
ტალახისა და წყლის გუბეების გამო, ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ. წყლის დიდი გუბეებია სადარბაზოების შესასვლელთანაც.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, წყალმომარაგების კომპანიიდან წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ. 15 მაისს კი პრობლემის მოგვარება დაიწყეს, თუმცა მიწა იმ ადგილის ნაცვლად, სადაც დაზიანებული მილი გადიოდა, სხვაგან ამოთხარეს. რის გამოც, სისტემაში მიერთებულ რამდენიმე ოჯახს წყალი ჩაუჭრეს.
„სადაც წყალი არ ამოდიოდა იქ არ ამოთხარეს და ჩემი და კიდევ სამი მოსახლის მილები ჩაჭრეს, როგორც ვიცი, გვერდზე კორპუსის მცხოვრებლებმა უთხრეს ეს დაზინების ადგილი კი არა, მეორე მხარე ამოთხარეო და ჩაჭერი ეგ მიერთებებიო. სამი დღე წყალი არ მქონდა და ბოლოს გადავაერთე სადარბაზოს წყლის მილზე და ახლა მაქვს“, – ამბობს ადგილობრივი.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ სამუშაოების დროს, იმ ადგილის ამოთხრას აპირებდნენ, სადაც წყალი ამოდიოდა, თუმცა კორპუსის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ გვერდზე ამოეთხარათ და ძველი მიერთებები ჩაეჭრათ, რადგან დაზიანება შეიძლება იქიდან მოდიოდა.
„წყალი ისეთი თემაა, რომ საიდანაც ამოდის შეიძლება იქ არაა დაზიანება და ადგილობრივებმა რომ გვითხრეს ის ადგილი, სადაც გამანაწილებელი იყო ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ იქ ამოგვეთხარა. ჩავჭერით, მაგრამ წყალი ისევ ამოდის, ანუ დაზიანება სხვაგანაა. ეგ ადგილი ისედაც დაზიანებული იყო და დღეს ან ხვალ ეგ გასკდებოდა და პრობლემა შეიქმნებოდა ისევ“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი გოგოლაური.
მათივე თქმით, კორპუსის მცხოვრებლებს თვითნებური მიერთებები აქვთ ქსელზე, რაც პრობლემას მუდმივად ქმნის: „ამდენი თვითნებური მიერთებები რომ არის, პრობლემა იმიტომ იქმნება. წყალი ყველა კორპუსში შედის მილით, არ ყოფნით ის და კიდევ ცალკე სხვა მილიდანაც იღებენ?! 60 ოჯახს გარედან მილი თვითნებურად რომ ჰქონდეს გაყვანილი რა დღეში ვიქნებით?! ყველას ყოფნის კორპუსში ეს წყალი და მათ არა“.
გოგოლაურის განმარტებით, კომპანიის თანამშრომლები 18 მაისს მივლენ უბანში და პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან.