საქართველოში დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე მოიხსნება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები კი უნდა ისხდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგანგებო რეჟიმის ფარგლებში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 701 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 432 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.