გახარია: საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მაგრამ ეს შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ნიშნავს

798

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივება არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება.

პრემიერის განმარტებით, ის შეზღუდვები, რომელზეც ეპიდემილოგები გასცემენ რეკომენდაციას, დარჩება. გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, პარლამენტთან ერთად შეიმუშავებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, საგანგებოს გარეშე დააწესოს კონკრეტული შეზღუდვები.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. ეს შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.