შეიწირავს თუ არა COVID-19 მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას მუნიციპალიტეტებში

1441

ავტორი: ანი გუგეშაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობების მწირი ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს ისედაც არ ჰყოფნით, კორონავირუსის პრევენციისთვის გამოყოფილი გაუთვლისწინებელი ხარჯების გამო კიდევ უფრო არასაკმარისი გახდა. მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან გამოყოფილი თანხები, რომელსაც თვითმმართველობები მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად იყენებდნენ, შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო დაკორექტირდეს, შემცირდეს ან მისი გამოყოფა სულაც მომდევნო წლისთვის გადაიდოს.

საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებისთვის საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში – ბათუმში, გორში, ოზურგეთში, ქედაში, ზუგდიდში, მესტიაში, ქუთაისში, სიღნაღში, ახალციხესა და წყალტუბოში მონაწილეობითი ბიუჯეტის, იგივე სამოქალქო ბიუჯეტის პროგრამაა დანერგილი. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ქედაა ის მუნიციპალიტეტი, რომელსაც  პროექტები წელსვე უნდა შეერჩია და განეხორციელებინა კიდეც, წლის ბოლოს კი მომდევნო წლის ციკლი დაეწყო. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, აქ წელს განსახორციელებელი პროექტები ჯერ კიდევ გასულ წელს შეარჩიეს, თუმცა, პანდემიის გამო, ზოგგან პროექტები ჯერ დაწყებულიც არ არის, ზოგგან კი არ დასრულებულა.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმები აქვთ დანერგილი ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ახალციხეში, ამიტომაც, ამ მუნიციპალიტეტებში პროექტების შესარჩევად მოქალაქეებს შეკრება არ უწევთ, რაც, პანდემიის ფონზე, მეტ-ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდა, თუმცა, დანარჩენ ექვს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეები სხვა ფორმით ერთვებიან, რომლისთვისაც საჭიროა საინფორმაციო შეხვედრებისა და საერთო კრებების გამართვა, სადაც მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს კენჭისყრით ირჩევს.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ყველასთვის მოულოდნელად, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტს კი კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა 3 პირზე მეტის საჯარო სივრცეში შეკრება, თავისუფალი გადაადგილება, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ უწყებები, დაიკეტა სკოლები, ბაღები, საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში აიკრძალა შესვლა და გამოსვლა, მთელს ტერიტორიაზე დაწესდა კომენდატის საათი, შეწყდა ინფრასტრუქტურული პროქტები, პარალელურად კი გაიზარდა სოციალური პროგრამების საჭიროება. 

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მუნიციპალიტეტების ისედაც მცირე შემოსავლებზე განსაკუთრებით იმოქმედა. ახლა თვითმმართველობებში ადგილობრივი ბიუჯეტების გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს იმისათვის, რომ თანხები მეტნაკლებად ეფექტურად გახარჯონ. ამ პროცესს კი, შესაძლოა, სწორედ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამები შეეწიროს.

ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტის განსახორციელებლად ემზადებოდნენ, პროგრამა 2020 წლის 1 ივლისამდე შეჩერდა.

“პროგრამა 1 ივლისამდე შეჩერებულია. მონაწილეობითი ბიუჯეტის საკოორდინაციო საბჭო, 1 ივლისის შემდეგ შეიკრიბება და გადაწყვეტს, გაგრძელდება, თუ დროებით შეწყდება მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა. საბჭოს სხდომამდე დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით”, – განუცხადეს Droa.ge-ს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სადაც გამოვლენილი იყო კომპანია, რომელსაც პროექტები უნდა შეესრულებინა, ახლა პროგრამის შეჩერების საშიშროების წინაშე დგას. პანდემიის გამო მერიამ პროექტების დაკვეთა ვერ მოახერხა, თანხები კი, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტებისთვის ჰქონდათ გაწერილი, შესაძლოა, დააკორექტირონ.

“ჩვენ ყველა პროცესი კარგად გავიარეთ, უკვე უნდა გადავსულიყავით განხორციელებაზე, სულ 25 პროექტი იყო შერჩეული, საიდანც მხოლოდ 1 იყო სოციალური, დანარჩენი მოიცავდა ინფრასტრუქტურას. პრაქტიკულად, უკვე გამოვლენილი გვყავდა კომპანია, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა შეესრულებინა, თუმცა, დაიწყო პანდემისათან დაკავშირებული აკრძალვები და გაჩერდა ყველაფერი, რის გამოც პროექტები ვერ დავუკვეთეთ”, – უთხრა droa.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილმა.

“არავინ ელოდებოდა, რომ ასეთი პანდემია გავრცელდებოდა მსოფლიოში და როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს, ჩვენც, რა თქმა უნდა Covid-19 -ის პანდემიის გამო, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან მწირი ბიუჯეტი გვაქვს, გავაკეთებთ ჩვენი ფინანსური რესურსების მობილიზებას, ფინანსური სამსახური მუშაობს ახლა ამაზე და თუკი ბიუჯეტმა ამის საშუალება მოგვცა, ჩვენი სურვილია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა განხორციელდეს. შესაძლებელია, რომ ახლა გავამზადოთ და დავუკვეთოთ პროექტები, თუმცა, თუ ამ წელს მათი განხორციელება ვერ მოხდება, პროექტის გამზადება მომავალი წლისთვის სახარბიელო არ იქნება. მაქისმუმ 2 კვირაში გვექნება ნათელი სურათი იმისა, თუ რას შევძლებთ. არც ახლაა დაგვიანებული, რომ პროექტები განხორციელდეს. მთავარია, იყოს ფინანსური შესაძლებლობა და ჩვენმა ბიუჯეტმა მოგვცეს ამის საშუალება. რა თქმა უნდა, პროექტები უკვე ასახული გვქონდა ბიუჯეტში, თუმცა, შესაძლოა, ბიუჯეტის ფორმირება მოგვიწიოს”, – დასძინა მადონა ბატიაშვილმა.

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, გორის მუნიციპალიტეტში, პროექტების განხორციელებასთან ერთად, მოსახლეობასთან კონსულტაციებიც შეფერხდა.

“კორონავისურის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში განხორციელებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა პროექტირების პროცესი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, გადაადგილების შეზღუდვის გამო,  ვეღარ  ახერხებდა ადგილზე საჭირო  და აუცილებელი სამუშაოების წარმოებას. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე აღდგენილია და აქტიურად მიმდინარეობს პროექტირების პროცესი. ამასთან, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან კონსულტაციები ვერ გაიმართა.  მიმდინარეობს მუშაობა განსახორციელებელი შეხვედრების ფორმატის შესახებ. მერია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისათვის, რომ მომავალ წელს, გასული წლების მსგავსად,  პროგრამა წარმატებით განხორციელდეს”, – განმარტავენ გორის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფრთხე, რაც მომავალ წელს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას შეაფერხებს.

როგორც გორის მერიაში Droa.ge-სთან საუბარში განაცხადეს, 2021 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად, მინიმუმ, იგივე თანხა იქნება გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წელს იყო.

“2020 წელს, “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული 38 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიან  2 800 000 ლარია გათვალისწინებული. გრძელდება საპროექტო-სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაციის მომზადება. საპროექტო სამუშაობის ნაწილი დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 27 სოფელში გარეგანათება უკვე მოეწყო”, – ამბობენ მერიაში.

პროგრამის შეჩერების საფრთხეს გამორიცხავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა, პანდემიის გამო, მცირე პრობლემები მათაც შეექმნათ.

“მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში ოზურგეთში პროექტების შერჩევა ელექტრონულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე შერჩეულია 3 პროექტი, რომელთაგან 2 უკვე დასრულებულია, 1 კი პანდემიის გამო მცირედით შეფერხდა, თუმცა, მალე ისიც დასრულდება”, – ამბობს ოზურგეთის მერიის აპარატის უფროსი, ნანა თავდუმაძე.

თავდუმაძის თქმით, იმის საფრთხე, რომ მუნიციპალიტეტმა 2021 წელს პროექტის გაგრძელება ვეღარ შეძლოს, არ არსებობს.

“მე ვფიქრობ, რომ პროექტის შეჩერების საფრთხე ნამდვილად არ უნდა დადგეს, ვინაიდან, შეზღუდული მობილობისა და შეზღუდული რესურსების პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა თანხები მოქალაქეთა საჭიროებისამებრ დახარჯონ. თუკი თვითმმართველობები მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელებას მხარს დაუჭერენ, ამით ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებენ. სავარაუდოდ, პროექტის განხორციელების მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საფრთხე არ უნდა შეიქმნას.  რაც შეეხება 2021 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტით განსახორციელებელი პრეოქტების შერჩევას, ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიწყება”, – განაცხადა ნანა თავდუმაძემ.

თავდუმაძის თქმით, ოზურგეთის საკრებულოს ჰქონდა სურვილი, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განხორციელებულიყო, თუმცა, ამ ეტაპზე პროექტი კვლავ მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე განხორციელდება. მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 300 ათასი ლარით განისაზღვრება.

გამონაკლისი არ ყოფილა არც წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სადაც პანდემიის გამო, როგორც წინა წლის საპროექტო ინიციატივების განხორციელება, ისე შემდეგი წლის მოსამზადებელი ეტაპიც შეჩერებულია.

“პანდემიის გამო პროგრამის მიმდინარეობა შეფერხდა. 2019 წელს შემოსული საპროექტო ინიციატივებისთვის 390 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა, მათი განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურები, ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციის გამო,  დროებით  შეჩერებულია. ამასთან, შეჩერებულია წინა წლის საპროექტო ინიციატივების განხორციელების პროცედურებიც და, ასევე, ახალი, მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობაც”, – განმარტავენ წყალტუბოს მერიაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

რაც შეეხება 2021 წლის პერსპექტივას, წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მონაწილეობითი ბიუჯეტი ისევ 390 ათასი ლარით იქნება განსაზღვრული და კვლავ მხოლოდ ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიას მოიცავს. მათივე ცნობით, 2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება ჯერ არ მიმდინარეობს. შეხვედრების განახლების შემთხვევაში კი, დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ბათუმში, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლისთვის განსახორციელებელი პროექტები ელექტრონული ფორმატით ჯერ კიდევ გასულ წელს შეარჩიეს, თუმცა, პროექტების განსახორციელებელი ვადები აქაც პანდემიის გამო გადავადდა.

“კორონავირუსის გამო არაორდინარულ სიტუაციაში ვართ. ბევრი პროექტის განხორციელებაში პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ხარჯვით ნაწილშიც შეზღუდულები ვართ, ცენტრთან ვართ მიბმული და თვითმმართველობასაც დროებით შეზღუდული აქვს გარკვეული უფლებამოსილების განხორიცელება. ამ ეტაპისთვის დროებით შეჩერებულია ტენდერების გამოცხადება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დამთავრდება და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება მოგვეცემა, პროეტებისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია და ეს პროექტები მაშინვე განხორციელდება.

რადგან ეს წელი სხვებისგან განსხვავებულია, არ ვიცით როგორ გაგრძელდება პროგრამა, თუმცა, იმის საშიშროება, რომ ის შეჩერდეს, არ არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციოს და მისცეს უფლება, თავად განსაღვროს, რა პროექტის განხორციელება სურს”, – განმარტა Droa.ge-სთან საუბრისას ბათუმის მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა, აკაკი გვიანიძემ.

როდის დაიწყება და რა თანხით იქნება განსაზღვრული 2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი, გვიანიძის თქმით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხა დარჩება პირველადი საჭიროებების შემდეგ და რა ვადით გაგრძელდება პანდემია. თუმცა, გვიანიძის ვარაუდით, ივნისი-ივლისისთვის ბათუმში 2021 წლის პროექტების შერჩევა დაიწყება.

2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის პროქეტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, პანდემიის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტშიც ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ პროგრამა, შესალოა, შეჩერდეს, არ არსებობს. მისივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, ისევე, როგორც გასულ წლებში, უცვლელად დარჩება და 50 ათასი ლარი იქნება. მერის განმარტებით, ვინაიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხორციელდება, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი 2021 წელსაც კვლავ მხოლოდ დაბა მესტიის ტერიტორიაზე განხორციელდება.

შარშან სამოქალაქო ბუჯეტით მესტიაში სკვერის გაკეთება გადაწყდა, თუმცა, მოსახლეობა და თვითმმართველობა სკვერის მოსაწყობ ადგილზე ვერ შეთანხმდა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, ადგილი, სადაც მოსახლეობას სკვერის გაკეთება სურდა, გზაჯვარედინზე მდებარეობს, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების დაცვა გაჭირდება. Droa.ge დაინტერესდა, რა ბედი ეწია პროექტს, რომელიც მოსახლეობამ გასულ წელს შეარჩია და მიაღწია თუ არა თვითმმართველობამ მოსახლეობასთან შეთანხმებას.

“ტერიტორია, რომელზეც მოსახლეობას საბავშვო სკვერისა და ატრაქციონების გაკეთება სურს, გზაჯვარედინზე მდებარეობს, მის სიახლოვეს კი ცენტრალური გზა გადის. შესაბამისად, დაცული არაა უსაფრთხოების ზომები, რის გამოც მოსახლეობასთან ვერ შევთანხმდით. ჩვენ მათ ალტერნატივას ვთავაზობთ, რომ გაკეთდეს ჩვეულებრივი სკვერი, მაგრამ ისინი ითხოვენ ატრაქციონებს, რაზეც, უსაფრთხოების გამო, არ ვთანხმდებით. ვეუბნებით, რომ სამოქალაქო ბიუჯეტით სხვა რამის გაკეთებაც შეუძლიათ, ჯერჯერობით, კვლავ მათგან ველოდებით აქტივობებს”, – განმარტავს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი.

პროგრამის ფარგლებში შარშან შერჩეული პროექტების განხორციელება არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაწყებულა. ასევე, ჯერ არ გამართულა საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო წლის პროექტების შესარჩევადაც. თუმცა, როგორც ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავა ამბობს, პროექტები შეჩერებული არ არის.

“სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოყოფილია 1 მილიონი ლარი. შეირჩეულ პროექტებთან დაკავშირებით გამოცხადებულია პროექტირება და ძალიან მალე დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ გადავალთ სამუშაოებზე. სამუშაოებზე ტენდერები, სავარაუდოდ, ივნისიდან გამოცხადდება, ამიტომ პროექტები შეჩერებული არ არის, პროცესშია და მიმდინარეობს”, – განმარტავს ზუგდიდის მერის მოადგილე.

ფარულავას განცხადებით, მიუხედავად გაუთვალისწინებელი ხარჯებისა, დღეის მდგომარეობით, საშიშროება იმისა, რომ თვითმმართველობამ 2021 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება ვეღარ მოახერხოს, არ დგას, მიმდინარე პროექტებს კი ბოლომდე მიიყვანენ. რაც შეეხება 2021 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ბიუჯეტს, ფარულავას განცხადებით, ამაზე წლის ბოლომდე საუბარი ნაადრევია.

სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, პანდემია დამაბრკოლებელ მიზეზად იქცა ქუთაისისთვისაც. აქაც, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე პროექტის განხორციელება შეჩერდა და როდის გაგრძელდება, თვითმმართველობაში ზუსტად არ იციან. ამასთან, როგორც ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე ამბობს, შესაძლოა, მიმდინარე წლის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა დაკორექტირდეს და არსებულ სიტუაციასთან ადაპტირდეს.

“შარშან შემოსული ინიციატივებიდან რამდენიმეს განხორციელება მართლაც შეჩერდა. მაგალითად, ერთი ეხებოდა მდინარის სანაპირო ზონის გასუფთავებასა და სანაპირო ზონის მოწყობას. ამის გაკეთებას მარტის დასაწყისში ვგეგმავდით, თუმცა, პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა და ახლა მასიური შეკრებებიც, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. ასევე, ერთ-ერთი პროექტი ეხებოდა კულტურული ღონისძიების მოწყობას და ეს საკითხიც, ჯერჯერობით, გადადებულია. ზუსტად როდის განხორციელდება აღნიშნული ორი პროექტი, ვერ გეტყვით, ვინაიდან ორივე პროექტი გულისხმობს ადამიანების თავშეყრას და შესაბამისად, როგორც კი ამის ფიზიკური შესაძლებლობა გვექნება, ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობს და აუცილებლად განვახორციელებთ. ამასთან ერად, არის მესამე პროექტი, რომელიც მიწიქვეშა გადასასვლლებში ანდერგრაუნდ სივრცის მოწყობას ითვალისწინებს და ამ საკითზე გვყავს დაინტერესებული ბიზნესი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ თავად გააკეთოს ამ ყველაფრის ორგანიზება. ინიციატივა უკვე შემოტანილი აქვთ და მიმდინარეობს ამ ინიციატივის შეთანხმება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქუჩა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკუთრებაში იყო, დამატებით შეთანხმებას საჭიროებდა და ეს საკითხი, ალბათ, მომდევნო დღეებში გადაწყდება. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო რამდენიმე დღეა, რაც პროგრამებს მივუბრუნდით. ძირითადად, გადართული ვიყავით საგანგებო მდგომარეობასა და მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რაც დღის წესრიგში ყველაზე მწვავედ იდგა”, – განმარტავს Droa.ge-სთან ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე.

მისივე თქმით, 2020 წლის პროგრამასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერჯერობით ფიქრობს, თუმცა, შესაძლოა, რომ პროგრამამ გარკვეული ცვლილებები განიცადოს.

“ის ინიციატივები, რომლებიც წლის დასაწყისში ინფრასტრუქტურული მიმართულებით შემოვიდა, ნაწილი უკვე დაკონტრაქტებულია და დაახლოებით, 22 ათასი ლარის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. აქაა საუბარი მცირე ინიციატივებზე, როგორიცააა შიდა ეზოს მოწესრიგება და ა.შ. მაგრამ დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომ, შეიძლება, გარკვეული კრიტერიუმები შეიცვალოს და ადაპტირდეს არსებულ სიტუაციასთან”, – განმარტავს თვალთვაძე.

რაც შეეხება პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტს, თვალთვაძის თქმით, ის 2020 წლის დეკემბერში უნდა დამტკიცდეს. თუმცა, იმის ალბათობა, რომ პროგრამა ქუთაისში აღარ განხორციელდება, არ არსებობს.

დამაბრკოლებელი მიზეზების გარეშე არ ჩაუვლია პანდემიას ახალციხის მუნიციპალიტეტისთვისაც, თუმცა, როგორც ახალციხის მერის პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე გვეუბნება, მუნიციპალიტეტი პროგრამის შეჩერების საფრთხის წინაშე არ დამდგარა და შეფერხებები მხოლოდ პროექტების განსახორციელებელ ვადებზე აისახა.

“გასულ წელს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამით 5 პროექტი შეირჩა და თითოეული 50 ათასი ლარით დავაფინანსეთ, რისთვისაც ბიუჯეტიდან, ჯამში, 250 ათასი ლარი გამოვყავით. ამ ეტაპზე ვაკეთებთ პროექტირებას, თუმცა, პანდემიის გამო, ზოგიერთი შეფრხდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ურაველში პარკინგის მოწყობა და ნახევარი უკვე გაკეთებულია. სხვა სოფლებშიც დაწყებულია პროექტირება. უბრალოდ, პანდემიის გამო, რაღაცები დროში გაგვეწელება”, – განმარტავს მელიქიძე.

მისივე თქმით, ალბათობა იმისა, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტი 2021 წელს არ გაგრძელდეს, არ არსებობს. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდასაც კი აპირებდა, თუმცა, სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, ამას ვეღარ მოახერხებენ, რის გამოც პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტიც, სავარაუდოდ, კვლავ 250 ათასი ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, მერის მოადგილის განმარტებით, ამ კუთხით მათ დონორი ორგანიზაციებიც დაეხმარებიან.

“გვქონდა საუბრები დონორ ორგანიზაციებთან და მზად არიან, დაგვეხმარონ. საუბარია მხოლოდ საინფორმაციო კუთხით დხმარებაზე, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ფინანსურადაც გვერდით დაგვიდგნენ. ვნახოთ რა იქნება. შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ სხვა დაინტერესებებიც გამოჩნდეს”, – ამბობს მელიქიძე.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, სავარაუდოდ, ერთადერთი არ იქნება, რომლის განხორციელებაშიც ადგილობრივ თვითმმართველობებს პრობლემები შეექმნათ. მუნიციპალიტეტების ისედაც მწირი საკუთარი შემოსავლები, ერთი მხრივ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და მეორე მხრივ, დაწესებული შეღავათების გამო, სავარაუდოდ, საგრძნობლად შემცირდება. droa.ge შეეცდება, მოიკვლიოს, კიდევ რა ზიანი მიაყენა პანდემიამ ადგილობრივ თვითმმართველობებს და როგორ გააგრძელებენ ისინი საქმიანობას ისე, რომ მოსახლეობისათვის შესაბამისი სერვისების მიწოდება შეუფერხებლად შეძლონ.