საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ორი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა.
როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე შეჯამებულია ერთი თვის მონაცემები და მარტში მოქალაქეების კომუნალური მომსახურების სუბსიდირება ბიუჯეტს 55 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.
„აპრილში კომუნალური სუბსიდიის შეღავათით რა თქმა უნდა, ისარგებლა ყველა იმ აბონენტმა, რომელსაც დადგენილ ზღვარზე დაბლა ჰქონდა მოხმარება. აპრილში უარი კომუნალურ სუბსიდიაზე 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა, მათ გადაწყვიტეს, რომ თვითონ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ამით ხელი შეუწყონ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას. ჯამში მარტსა და აპრილში ერთად 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა უარი. მარტის თვე უკვე შეჯამებულია და ჯამში 55 მილიონ ლარზე მეტია სამივე სახის კომუნალური მომსახურების დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან გაღებული“,-განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, 11 ივნისამდე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ მაისის კომუნალური სერვისების სუბსიდიაზე თქვან უარი.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.