ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს.
ხუციშვილის განმარტებით, მთავრობა დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე ღია აუქციონს გამოაცხადებს. ინვესტორმა ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
„ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკური უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებულ მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ. კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით. ჩვენ უკვე პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის მისიაც ამჟამად საქართველოში იმყოფება და ჩვენ იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით, რა პრინციპებზეც ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა უნდა იქნას დაფუძნებული. ეს არის საკონტრაქტო საბაზო ფასს შორის განსხვავების მოდელი, რომელიც გულისხმობს გარკვეული კონტრაქტის ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის გარანტიის მიცემას სახელმწიფოს მხრიდან იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში ახალი ელექტროგენერაციის მშენებლობას უზრუნველყოფენ. ეს შეეხება როგორც ჰიდრორესურსებს ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიც არის მზის და ქარის ენერგია. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებულია მთლიან მოცულობაზე, ეს მოცულობა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია – დაახლოებით, 1500 მეგავატი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გაწერილია ასევე გრაფიკიც, როგორ უნდა მოხდეს ამის გამოტანა ბაზარზე და ბუნებრივია, ეს მოხდება ძალიან გამჭვირვალედ, ღია აუქციონის წესის მიხედვით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს თუ ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კონკურენტული წინადადება წარმოადგინოს. ამ მიმართულებით ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში უკვე გვექნება შესაბამისი ბრძანება გამზადებული. შემდეგ დისკუსია უშუალოდ კერძო სექტორთან, ინვესტორებთან გადაინაცვლებს, იმისთვის რომ მათ ეს ახალი მოდელი უკეთ გაიცნონ და შემდეგ აუქციონებში მონაწილეობა მიიღონ, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში უკვე ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი დაიწყოს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.