აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 391 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის “ცხელების ცენტრში” საეჭვო ნიშნის მქონე 20 პირს სინჯები უკვე აუღეს და დღის განმავლობაში, კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.
“დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 4 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1438 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5555-მა პირმა,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.