რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„წესების დაცვა აუცილებელია, რათა თანმიმდევრულად და შედარებით სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, რაც დღეს ჩვენი მიზანი გახლავთ.
მოგეხსენებათ, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში, ასევე 18 რიცხვიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ იმ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქეები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.