„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.