“ნაციონალური მოძრაობა” კახეთში სასურსათო პაკეტების შესაძენად დახარჯული თანხის დოკუმენტაციას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
დღეს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა.
გიორგი ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები შერჩევით დარიგდა და სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარების გარეშე დარნენ.
ბოტკოველი ასევე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში სასურსათო კალათები ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით გადასცეს.
,,მუნიციპალიტეტებში გამოიყო გარკვეული თანხები, რათა შეძენილიყო სასურსათო ამანათები, რომ შემდგმომ ეს გადასცემოდა იმ ადამიანებს, ვისაც ესაჭიროებოდა. ამ მიზნით კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გამოიყო კონკრეტული თანხები, შეიძინეს ამანათები და დაარიგეს შესაბამის ოჯახებში. ჩვენ გვაქვს არა საფუძვლიანი ეჭვი, არამედ კონკრეტული ფაქტები, რომ აღნიშნული ამანათები გადაეცათ ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც არ საჭიროებდათ და ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც გაჭირვებულია, დახმარება არ მიუღია”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას სთხოვს, გასაჯაროვდეს სოციალური პაკეტების მიმღებთა ვინაობა.
“ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე კითხვაზე ითხოვს პასუხს, მათ შორის, რა თანხა დაიხარჯა რვავე მუნიციპალიტეტში, რა პროდუქტი შედიოდა ამანათებში, ასევე ვინ და რა პრინციპოთ შეარჩია ბენეფიციარები.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ განცხადებას გაეცნობიან და ინფორმაციას კანონთთან შესაბამისობაში გასცემენ.