სოფელ ციხისძირში ცენტრალური გზისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

380

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

„უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენა, დაიგება მეორე ფენაც. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიუვეტების ჩალაგება, სახიფათო მონაკვეთებთან ლითონის ზღუდარის, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და ეზოში შესასვლელების ასფალტის საფარით მოწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „აკა“ ახორციელებს.

ასევე, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ციხისძირის კულტურის სახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას შპს „მეტალ +“ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უკვე დასრულდა შენობის გადახურვა, გარემონტდა ოთახები, მოეწყო გათბობის, განათების სისტემა და ეზო.

სოფელ ციხისძირში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა მოინახულეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება“, – ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.