“2 000-ლარიანი ჯარიმა და 10-15 დღიანი პატიმრობა ამ ადამიანებს ვერ შეაშინებს… ჩვენი ბრძოლა ძლიერდება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საუბრობს, სადაც ამ წუთებში გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ასამართლებენ.
შთაბეჭდილება მრჩება ის, რომ ალბათ საკუთარ თავს იმხნევებენ და გუშინდელი მათი საქციელი, 46 ადამიანის დაკავება, ზუსტად საკუთარ თავს ამხნევებენ და ამხნევებენ ალბათ მომხრეებს. თუ ისინი ფიქრობენ რომ ამით ვინმეს შეაშინებენ ან ხვალ უფრო მეტი ადამიანი არ გამოვა აქციაზე, ან ის 46 ადამიანი რომელიც დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება გამოვა აუცილებლად, არ შეუერთდება იმ აქციას, ძალიან შემცდარა. ყოველდღიურად, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უსუსურ საქციელს.
ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკავებულია, ნაწილი ალბათ დღეს გამოვა საპატიმროდან, ნაწილს ხვალ ექნება პროცესი, ყველა ის ადამიანი პრიიქით უფრო ძლიერია და 2000 ლარი და 10-15 დღიანი პატიმრობა ვერ შეაშინებს ამ ადამიანებს, პირიქით, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერდება, – ამბობს გიორგი ბოტკოველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 10 ნოემბერს, გამართულ აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულების ადგილსამყოფველი ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობი იყო.
“რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.