ძამის ხეობაში გზის მშენებლობა 2 კვირაში განახლდება

848

კომპანია “ბლექ სი გრუპი” უახლოეს 2 კვირის განმავლობაში, მდინარე ძმის ხეობაში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ qartli.ge-ს კომპანიის სათაო ოფისში განუცხადეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაო პროცესი, კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მარტიდან იყო შეჩერებული. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი და გეგმის მიხედვით 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასრულების ვადა, სავარაუდოდ იმ პერიოდით გადაიწევს, რამდენი ხანიც სამუშაოები იყო შეჩერებული.

“როგორც კი, დამკვეთი სამუშაოების გაგრძელების უფლებას მოგვცემს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას,” – განაცხადეს კომპანიაში.

2019 წლის გაზაფხულიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიანთკარიდან ტყემლოვანამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიხედვით, საუბარია 15 კმ-იან მონაკვეთზე. ასფალტის საფარი დაიგო სოფელ გვერძინეთამდე, რომელიც ელბაქიანთკარს 1 კმ-ით აშორებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, გვერძინეთიდან გრძელდება.

“ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით,” – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში.

გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია.

გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე ადგილობრივ სოფლებამდე (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა) მისასვლელი გზების მიერთებები განლაგებულია.