ლევან დავითაშვილი: მომდევნო თვეებში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი

526

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი. როგორც მინისტრმა განმარტა, საერთაშორისო ტენდენციის და სეზონის გათვალისწინებით სურსათის ფასების შემცირების მოლოდინი აქვს.

„დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურის ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე ფასის მინიმალური ცვლილება იყო. პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით ფასების ქვემოთ სვლას შემდეგი თვეების განმავლობაში. ესაა საერთაშორისო ტენდენცია და ამავედროს, ჩვენთან უკვე შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი. ასე , რომ ინფლაციური წნეხი, რა თქმა უნდა, დაიწევს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.