იმ პროცესებში, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა, რადგან ქართულ ტურიზმს აქვს მაგნიტურობის ძალა – მთაც არის, ღვინოც, კიდევ ბევრი რამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს აჭარას, ისევე როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება.
პრემიერმა ისაუბრა ცალკეული ტურისტული ზონების კოვიდ-19-ისგან სუფთა ზონებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პატარა, მობილურ ზონებზე.
„ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. ბაკურიანიც კი დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. აჭარის გამოცხადება ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ სასტუმროებს, სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ ბათუმზე, როგორც ცალკე აღებულზე და გარკვეული წესები დავაწესოთ, რომ კოვიდისგან თავისუფალ ზონებად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განახლების, გახსნის ან ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობა, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, მედიცინა და ასე მივყვებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რანჟირება განსაზღვრულია იმ სექტორებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანმიმდევრობა დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე – ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ზოგიერთებს ეწყინათ, რატომ ვიწყებთ მაგალითად ტურიზმით და არ ვიწყებთ ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობით. იმიტომ, რომ თუ საშუალო შეწონილს ავიღებთ, ტურიზმის წვლილი ეკონომიკაში და ამავე დროს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმზე მიყენებული ზიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს არის სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა დარგები“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.