საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ოცნება მოწოდებულია, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს მხოლოდ “რადიკალური ოპოზიციის” პასუხისმგებლობა იქნება. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.
„როგორც მოგეხსენებათ, ამგვარ განცხადებებს ყოველ ჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ჩვენ ყოველ ჯერზე ვპასუხობდით მათ განცხადებებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის.
უგულავას და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისათვის. მეტიც, ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ, ნინო ბურჯანაძემ და სხვებმაც ოპოზიციიდან.
ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. თუმცა, ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის იდეის მიმართ გამოირჩევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.