ივლისში პატარებისთვის საზაფხულო ბაღები არ იფუნქციონირებს. როგორც იმედინიუსს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათი სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ ივლისში არ განხორციელდება, რადგან პანდემიის გამო გარკვეული რისკები არსებობს. აღნიშვული გადაწყვეტილება ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო.
აღნიშნული პროექტის შედეგად, თბილისში ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. ძირითადად, ის პატარები, რომლებიც ამ პერიოდში თბილისიდან დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებდნენ.
ამასთან, სააგენტოს განცხადებით, რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციას, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი განკუთვნილია სტატუსის მქონე ბავშვებისთვის. ასეთი სულ 5 კატეგორიაა. შემდეგ ეტაპზე, 19 ივნისს, 12:00 საათზე კი ყველა ბავშვი შეძლებს რეგისტრაციის გავლას, რომელთაც 2 წელი 14 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
სწავლა თბილისის საბავშვო ბაღებში 14 სექტემბერს განახლდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.