ავტორი: ეკატერინე ბასილაია
“ერთი ფერმერი აღნიშნავს, რომ ახალი კარტოფილი ამოსაღები დარჩა, იმიტომ, რომ, როდესაც ახალი კარტოფილის სეზონი იყო, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა და ისიც არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა თბილისში წამეღოო… მეორე ფერმერი ამბობს, რომ მისი პროდუქტი – ბროკოლი და სალათის ფურცელი რესტორნებს მიჰქონდათ, ახლა კი რესტორნები დაკეტილია და რეალიზაციას ვერ ახერხებს… ასევე, ფერმერს უწერია, რომ ვერ შეიძინა სასუქი, გაუჭირდა კულტივაცია და ჰერბიციდის შეტანა ნაკვეთში, იმიტომ, რომ მთავრობამ ფერმერებისთვის გადაადილება კონკრეტულ საათებში დაუშვა, დილით 6-დან 8 საათამდე და საღამოს 18-დან 19 საათამდე. ამ დროს კი აგრომაღაზიები დაკეტილია. მსხვილი ფერმერები მაინც ახერხებენ ხოლმე რაღაცას, მცირე ფერმერები კი, რომლებსაც, მაგალითად, ერთი ტონა კარტოფილი მოჰყავთ, ძალიან დაზარალდნენ”, – ამბობს “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.
საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ საქართველოში მეწარმე-ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ აგრარული ბაზრების, რესტორნების, სასტუმროებისა და კაფე-ბარების დახურვის გამო. სწორედ ამის გამო, წნორში ახალგაზრდა აქტივისტების მიერ შექმნილმა სოციალურმა საწარმომ – “ცოდნის კაფე”, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, დაიწყო პროგრამა და ფერმერებს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება შესთავაზა.
ახალგაზრდების მიერ წამოწყებული პროგრამა კახეთის სამი მუნიციპალიტეტის – ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ფერმერების ხელშემწყობი იქნება.
“გაქვთ მეურნეობა და კორონავირუსი ხელს გიშლით პროდუქტების რეალიზებაში?
მაშინ დარეგისტრირდით 12 მაისამდე. სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს “ცოდნის კაფეს” გუნდი მხარს დაგიჭერთ თქვენი პროდუქტებისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, კრიტიკულ დროს გამოგიცხადოთ სოლიდარობა და ერთად ვიპოვოთ პროდუქტების გაყიდვის ახალი და მოქნილი არხები ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/2WDUhn3“- წერია “ცონდის კაფეს” მიერ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებაში.
რა პრობლემები აქვთ კახეთში ფერმერებს და როგორ გაჩნდა იდეა, მცირე ფერმერებს დახმარებოდნენ, – ამ თემაზე droa.ge-სთან საუბარში “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებლი ნანა ბაგალიშვილი საუბრობს.
– რა პრობლემები შეექმნათ კახეთში ფერმერებს და რას გულისხმობს “ცოდნის კაფეს” მიერ წამოწყებული პროგრამა?
– იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც აგრარული ბაზრები დაიხურა და ფერმერები თავისი პროდუქციის გასაღების ბაზრების გარეშე დარჩნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბისხევის ბაზარი საუკუნეზე მეტია, არსებობს და ჩვენ ფერმერებთან ძალიან ახლო კონტაქტებიც გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სიღნაღის ბაზარი მარტო ომის დროს და ახლა, პანდემიის დროს, გაჩერდა. ფერმერებს პრობლემა მოულოდნელად შეექმნათ და შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ფერმერების ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო თბილისში სარეალიზაციო ახალი არხების გაჭრა, დიდ ნაწილს კი პროდუქტების გაყიდვის წყაროდ მხოლოდ საახლობლო და სამეზობლო შემორჩა, თუმცა, ფერმერები იმ რაოდენობით აწარმოებენ პროდუქტებს, რომ რეალიზაციისთვის მხოლოდ სამეზობლო და საახლობლო საკმარისი არ არის. ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ეს პრობლემა მალე გადაივლიდა, მაგრამ ეს “მალე” არ დადგა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, მხარდაჭერა გამოგვეხატა. ჩვენ ონლაინ პლატფორმების მართვის კარგი გამოცდილება გვაქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ფერმერები ჩვენი იდეის დაბადებიდან, ანუ 2012 წლიდან, მუდმივად მხარს გვიჭერენ, ვიფიქრეთ, რომ სწორედ ახლა, როცა ისინი დადგნენ ახალი გადაწყობის საჭიროების წინაშე, არის ის დრო, როდესაც შეგვიძლია, საპასუხო მადლიერება და მხარდაჭერა გამოვხატოთ.
– რატომ გადაწყდა ამ სამი მუნიციპალიტეტის – ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისყაროს ფერმერების მხარდაჭერა?
– თავიდან ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ ჩვენი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მეწარმე-ფერმერებისთვის დაგვეჭირა მხარი, თუმცა, “ცოდნის კაფეში” შეხვედრებზე, მოსახმარებლად, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ხშირად მოდიან დედოფლისწყაროელი და ლაგოდეხელი ფერმერებიც, “ცოდნის კაფეს” მაშენებლებიც არიან, მათ შორის, და ვთქვით, რომ ამ ორი მუნიციპალიტეტზეც აგვეღო პასუხისმგებლობა. ვთქვით, რომ ერთი – ონლაინ პლატფორმა განვავითაროთ, სადაც მათი პროდუქტების შესახებ იქნება ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ აქამდე ფერმერებს გარდაუვალი საჭიროება არ ჰქონდათ, რომ ონლაინ სივრცეში ყოფილიყვნენ წარმოდგენილები, იმიტომ, რომ ბაზრები, რესტორნები და სასტუმროები იყო ბევრი. სიღნაღში დიდი ტურისტული ნაკადები იყო, ამიტომ სასტუმროები, რესტორნები და კაფეები იღებდნენ ადგილობრივების პროდუქტებს, ბევრი ფერმერი მათზე მორგებულ პროდუქციასაც კი აწარმოებდა, ახლა ეს ბაზარი დაიხურა. ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ონლაინ სივრცეში გადასვლაა და ვიფიქრეთ, ეს წყარო ხარისხიანად შეგვეთავაზებინა; მეორე – ამ პერიოდში გამოჩნდა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია FMO, რომლმაც თავისი ინიციატივით შემოგვთავაზა ფერმერებისთვის ერთობლივად კრიზისის მართვის სასწავლო პროგრამა შეგვეთავაზებინა. ასევე, ინდივიდუალური კონსულტაციები გაგვეწია მათთვის, ვისაც დასჭირდებოდა.
ამ პლატფორმის შექნის მოტივაცია იყო, ასევე, ის, რომ ყველა ფერმერი ერთმანეთს არ იცნობს და ვიფიქრეთ, რომ შიდა სინერგიის შექმნამ შეიძლება გაამარტივოს, ერთი – მათი პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა და მეორე – დარწმუნებელები ვართ, რომ თანამშრომლობითი კავშირების დამყარების შემთხვევებიც იქნება, იმიტომ, რომ თვითონ “ცოდნის კაფეს” სივრცეშიც კი, როდესაც ამ სამი მუნიციპალიტეტის მეწარმეები მოდიოდნენ, ერთმანეთთან ძალიან საქმიან კავშირებს ამყარებდნენ. ახლა, როცა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებენ, შეიძლება, უფრო პროდუქტიულიც გახდეს მათი კავშირები.
– თქვენი დახმარება კონკრეტულად რა იქნება – ინფორმაციას განათავსებთ ონლაინსივრცეში, რომელ ფერმერს რა აქვს გასაყიდი და რა ფასად, თუ ამასთან ერთად, თქვენვე შეეცდებით, რეალიზატორები მოიძიოთ და მათთან დააკავშიროთ?
– ერთი, რომ ონლაინ მაღაზიაში იქნება მათი პროდუქტები წარმოდგენილი. ასევე, არსებობს ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ამ პანდემიის დროს შეიქმნა, ასევე, მანამდეც არსებობდა და ამ დელივერ სერვისებთან და პატარა აგრო ონლაინმაღაზიებთან დაკავშირებას ვეცდებით. იგივე არსებობს soplidan.ge და სხვა აგრო ონლაინ პლატფორმებიც და შესაძლებელია მათთან მიბმა და თანამშრომლობა.
ასევე პატარა მედიამხარდაჭერასაც მოვიაზრებთ, რაც გულისხმობს პატარა ვიდეორგოლების მომზადებას – რას, რატომ და როგორ აწარმოებენ.
– ხუთშაბათს, დაიწყეთ ეს პროგრამა და გამოხმაურება უკვე იყო?
– ჯერ 10 განაცხადია შემოსული. ჩვენი გათვლებით, 40-მდე ფერმერის დახმარებას შევძლებთ.
– რა პრობლემებზე წერენ განაცხადში ფერმერები?
– განაცხადში ერთი ფერმერი აღნიშნავს, რომ ახალი კარტოფილი ამოსაღები დარჩა, იმიტომ, რომ, როდესაც ახალი კარტოფილის სეზონი იყო, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა და ისიც არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა თბილისში წამეღოო. ამიტომაც, ამ ფერმერმა რა მიზნითაც დათესა კარტოფილი, იმ მიზნით ვეღარ გაყიდა, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით როგორ გაყიდოს, წარმოდგენა ამაზეც არ აქვს.
მეორე ფერმერი ამბობს, რომ მისი პროდუქტი, ბროკოლი და სალათის ფურცელი, რესტორნებს მიჰქონდათ, ახლა კი რესტორნები დაკეტილია და რეალიზაციას ვერ ახერხებს.
– ანუ მხოლოდ რეალიზაციის პრობლემა უდგათ, თუ სხვა პრობლემებიც აქვთ?
– ასევე, ფერმერს უწერია, რომ ვერ შეიძინა სასუქი, გაუჭირდა კულტივაცია და ჰერბიციდის შეტანა ნაკვეთში. აგრომაღაზიები სოფლებში არ არის და როცა გადაადგილება შეიზღუდა, მცირე ფერმერებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ. ჰერბიციდი და აზოტი ახლა უკვე შეტანილი უნდა ჰქონდეთ, თუმცა, გადაადგილების შეზღუდვის გამო, ყიდვა ვერ მოახერხეს. პირობითად, ფერმერი სოფელ არბოშიკიდან საყიდლებზე აუცილებლად წნორში უნდა ჩამოვიდეს და ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, იმიტომ, რომ მთავრობამ ფერმერებისთვის გადაადილება კონკრეტულ საათებში დაუშვა, დილით 6-დან 8 საათამდე და საღამოს 18-დან 19 საათამდე. ამ დროს კი აგრომაღაზიები დაკეტილია. მსხვილი ფერმერები მაინც ახერხებენ ხოლმე რაღაცას, მცირე ფერმერები კი, რომლებსაც, მაგალითად, ერთი ტონა კარტოფილი მოჰყავთ, ძალიან დაზარალდნენ.
გარდა ამისა, ბევრი აღნიშნავს, რომ ისიც არ იცოდნენ, თბილისში წასასვლელად საშვების აღება რომ შეეძლოთ. ეს ხალხი ბიუროკრატიულმა ბარიერმაც დააზარალა. ამბობენ, რომ თვითმმართველობაში დარეკეს, მაგრამ თავიდან არც იქ იცოდნენ საშვების დაშვებაზე რამე.
– სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში ბაზრები გაიხსნა?
– ბოდბისხევის ბაზარი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ბაზარია. შეიძლება ითქვას, რომ ის სამი მუნიციპალიტეტის ბაზარია. აქ მოდიან დედოფლისწყაროდანაც, ასევე, ლაგოდეხის სოფლებიდანაც. ეს ბაზარი, სამწუხაროდ, ვერ იხსნება და არც ვიცით, როდის გაიხსნება. ის მოცულობით ძალიან დიდია და შესაბამისად, რთულია სანიტარული ნორმების კონტროლი. საოცარი ხალხი მოდის, გლეხებს რასაც ვეძახით, ისინი ჰყიდიან პროდუქტს.
წნორში გვაქვს მეორე, ბევრად პატარა, შეიძლება ითქვას, 8-ჯერ პატარა ბაზარი და ის გაიხსნა. ამ ბაზარში, ძირითადად, გადამყიდველები არიან. ლაგოდეხსა და დედოფლისყაროში კი პატარა ბაზრებია და ჯერჯერობით, არც ისინია გახსნილი. ეს ბაზრები რომც გაიხსნას, ფერმერებისთვის დიდი შეღავათი მაინც ვერ იქნება, რადგან ძალიან დიდი ნაწილი რესტორნებთან და სასტუმროებთან იყო მიბმული. ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკა დიდწილად ამაზე იყო დამოკიდებული.
– რა მოლოდინი გაქვთ, იმუშავებს თქვენი პროგრამა?
– ეს გადაწყვეტილება გაბედულად იმიტომ მივიღეთ, რომ აქამდე რა გამოცდილებებიც გვქონია ონლაინ კომუნიკაციების, წარმატებული იყო. იმედი გვაქვს, რომ ამასაც წარმატებით გავაკეთებთ. ყოველ შემთხვევაში, მონდომება გვაქვს და ჩვენი მეგობარი ონლაინპლატფორმებიც დაგვეხმარებიან. პროცესში ვნახავთ, რა იქნება.
ეს პროგრამა წამოგვაწყებინა იმანაც, რომ ჩვენ ბავშვებისთვის ონლაინ აგროსკოლა დავიწყეთ, სადაც ბავშვებს და მათ მშობლებს ბიომეურნეობას ვასწავლით. აღმოჩნდა, რომ ბაზარზე რაღაც პროდუქტების მოთხოვნა შეიცვალა. მაგალითად, ჩითილზე მოთხოვნა ბოლო ხანებში ძალიან გაიზარდა, რასაც არავინ ელოდა. ასევე, ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა ბიოპროდუქტებზეც. ანუ, ფერმერებს რაღაც ცოდნის თანმიმდევრულად მიწოდება სჭირდებათ, რისთვისაც ძალიან საჭიროა ერთი ონლაინპლატფორმის არსებობა, სადაც მიიღებენ გარკვეულ ცოდნას, ინფორმაციას, რა არის ბაზარზე მოთხოვნადი, რომ ახალი იდეები და შესაძლებლობები გაჩნდეს. მათ ან ვიღაცამ უნდა უბიძგოს ამისკენ, ან, მინიმუმ, ინფორმაცია მიაწოდოს, რომ, მაგალითად, ჩითილის წარმოება დაიწყოს, რომელიც ბევრად ძვირიც კი ღირს, ვიდრე ხანდახან ამ ჩითილით მიღებული პროდუქტი. ესეც იყო ერთ-ერთი მამოტივირებელი.