გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული: აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს
სახელმწიფო რწმუნებულმა და მინისტრის მოადგილემ ბაღდათის აგრარულ ბაზარში, რომელმაც დღეს მუშაობა განაახლა, პირადად დაათვალიერეს არის თუ არა დაცული საკოორდინაციო საბჭოს რეკომდენაციები სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით.
სოლომონ პავლიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ, ასევე, ვანის აგრარული ბაზარი შეამოწმეს, რომელიც წინა კვირას გაიხსნა.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენად არის დაცული წესები და რეკომენდაციები.
“აგრარული ბაზარი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გავხსენით უკვე, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც და ჩვენ მაქსიმალურად გავაკოტროლებთ, რომ ყველა მათგანმა მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.