ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ამ წუთებში ბლოკ-პოსტების სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, – აცხადებს ობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი თქმით, ქობულეთში მოძრაობა უკვე აღდგენილია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გვარას ბლოკ-პოსტზე ვიმყოფები, უკვე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეიდან შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულს ეხება. ეს გადაწყვეტილება იმ დინამიკის ანალიზსა და დასკვნას ემყარება, რომელიც მომზადდა.
ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა აქ, გამოვლინდა 570-ზე მეტი კონტაქტი, 33 788 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, აქედან 32 საყურადღებო შემთხვევა იყო, რომელთაგან ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. 10-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს, ახალი შემთხვევები კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა და პირველი შემთხვევის აღმოჩენის დღიდან, მეორე საინკუპაციო პერიოდი მთავრდება.
აქ ახლა ასეთი ვითარებაა: მოძრაობა აღდგა და როგორც გითხარით, საგუშაგოების დემონტაჟი მიმდინარეობს, ამას თავდაცვის ძალები ახორციელებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც აქ არიან“, – განაცხადა ქათამაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 238 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.