გიდები დაუღალავად შრომობენ და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სფერო ბოლომდე აღრიცხული არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სფეროში დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები, რაც თავად გიდების მოთხოვნაც არის.
„საბედნიეროდ, ამ სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული და ორგანიზებული პროფესიული ასოციაციები, გიდების ასოციაციები, რომლებთანაც ახლა დავიწყეთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ანტიკრიზისული გეგმის მომზადების პერიოდში. გუშინაც საკმაოდ ხანგრძლივი ონლაინდისკუსია გვქონდა გიდების ასოციაციასთან და გიდების წარმომადგენლებთან. არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. გაცილებით მარტივია, მივიღოთ გადაწყვეტილება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე ან ტურისტულ კომპანიებზე, რომლებიც მეტად ინსტიტუციონალიზებული, ლეგალიზებული და კარგად აღრიცხული სფეროა, გადასახადის გადამხდელი არიან და ვიცით, რომ შეღავათი კონკრეტულ გადასახადთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, შეთანხმდა, რომ გიდებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით წარიმართება მუშაობა, არა მხოლოდ გადამზადებაზე.
მინისტრმა გიდების დასახმარებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ხარისხის სერტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია, რაც ალბათ, ნებაყოფლობითი იქნება და თვითონ ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში, ასევე არის მათი აღრიცხვის საკითხი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ეს ჯგუფი, ვის უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები.
ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასო შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია, ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება პრობლემა გიდების დასაქმების, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან განმარტა, ამ მიზნით სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.
„აქტიურად ჩავრთავთ გიდებს მათ შორის მიკრო გრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, რომ შეძლონ თავიანთ საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ და ამაშიც ჩაერთონ, გადამზადება ამის ერთ-ერთი კომპონენტია“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მეტი დეტალი ახლო მომავალში დაზუსტდება, რადგან კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის შეთავაზებისთვის აღნიშნული სეგმენტის უკეთ შესწავლაა საჭირო, რასაც დამატებით დრო სჭირდება.
პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.