თორნიკე რიჟვაძე: ტურიზმის მხარდაჭერისთვის აჭარის ბიუჯეტიდანაც იქნება რესურსი გამოყოფილი

730

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტურიზმის მხარდაჭერისთვის აჭარის ბიუჯეტიდანაც იქნება რესურსი გამოყოფილი. აღნიშნულის შესახებ რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოხდება თუ არა აჭარის მთავრობის მიერ თანხის გამოყოფა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადაეწყოს. მისი თქმით, აჭარის მთავრობა საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის 7 მლნ. ლარზე მეტს ხარჯავს.

„საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში დაახლოებით 7 მლნ. ლარზე მეტს ვხარჯავთ უკვე საკარნტინე სივრცეებისთვის, თუმცა იმ ახალი გეგმის შესაბამისად, რომელიც ტურიზის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება შესაბამისი რესურსები გამოყოფილი ამ კონკრეტული ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნებიდან გამომდინარე“,- განაცხადა რიჟვაძემ.

დღეს, პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.