მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 3 სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს

432

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში სამი სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს.

„ორიოდ სიტყვით გითხარით გეგმა, რომელსაც მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში. დღეს ვიწყებთ ტურიზმით, შემდგომ გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობით და ფერმერებით, შემდგომ იქნება მშენებლობა და დეველოპმენტის მხარდაჭერა და შემდგომ იქნება განათლება“, – განაცხადა გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო.

“როდესაც იყო აუცილებელი ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. ამის შემდგომ უფრო ღრმა შესწავლა იყო საჭირო და ჩვენი შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ ბიზნესის და კერძო სექტორის, ეკონომიკის მხარდაჭერის, ისევე, როგორც ცალკე თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერის. რა თქმა უნდა, გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვის და მათი ნელ-ნელა ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს.

რა თქმა უნდა, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იქნება პირველი პოსტკრიზისული გახსნის თვალსაზრისითაც. შემდგომ აუცილებელი იქნება მხარი დავუჭიროთ სოფელს, ჩვენს ფერმერებს, შემდგომი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარების და სწრაფი ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მე ახლა ვსაუბრობ დაახლოებით, ერთი კვირის გეგმაზე. მეოთხე – იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.