„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” (აფბა) მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას.
განცხადებაშია ინფორმაციაშია აღნიშნული, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აფბა-ს შეფასებით, გაუგებარია ასევე, რატომ არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი დაგეგმილზე უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს.
„დღეს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. ამას ცხადყოფს ვირუსის გავრცელების უკანასკნელი დინამიკაც, რომელიც აშკარად კლებითი დინამიკით ხასიათდება და ის უკვე ჩამოუვარდება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობას. არსებულ რეალობაში, „აფბა“ შეზღუდვების დიდი ნაწილის საჭიროებას ვერ ხედავს.
კერძოდ, სრულიად გაუგებარია რატომ არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი. ასევე, საზოგადოებისა და ბიზნესისთვის არავის განუმარტავს ამ რეგულაციის აუცილებლობა და და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის კერძო სექტორს და კიდევ უფრო ანელებს ფაქტობრივად დაპაუზებულ ეკონომიკას.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპით გახსნის შემთხვევაში მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას მივცემთ იმ თვითდასაქმებულებს, რომელთაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს ღირსეულ კომპენსაციას. რაც თავის მხრივ, ნაწილობრივ დააკომპენსირებს იმ დახმარების სიმწირეს, რომელსაც ერთჯერადად გასცემს სახელმწიფო.
„აფბა“ მთავრობას მოუწოდებს, ეკონომიკური სექტორების გახსნა იყოს უფრო მოქნილი და თანმიმდევრული, რათა არ მოხდეს მომიჯნავე სექტორების არათანმიმდევრული გახსნა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეანელებს ამ სექტორების მუშაობის ტემპების აღდგენას.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთას ასოციაცია“ მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გახსნას ის სარეალიზაციო ობიექტები და სექტორები, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან უკვე გახსნილ და ამუშავებულ სექტორებთან. ასევე „აფბა“ მოუწოდებს მთავრობას, მოხსნას შეზღუდვა სარეკრეაციო დასასვენებელ სკვერებსა და ღია ტიპის კეფე – რესტორნებზე.
ასევე, „აფბა“ მოუწოდებს მთავრობას, გადახედოს ეკონომიკის გახსნის ექვს ეტაპიან გეგმას, დაგეგმილზე უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს ეკონომიკის გახსნის პროცესი და იგი მოერგოს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისა და კერძო სექტორისთვის. „აფბა“-ში მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის მთავრობისეული გეგმა ვერ პასუხობს არსებულ რეალობას, კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად ძაბავს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს,“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.