კალაძე: მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ

2843

წინა სტატია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ.

„15 მაისიდან უნდა გააკეთონ განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. შექმნილია შესაბამისი კომისია და ძალიან სწრაფად მოხდება შევსებული დოკუმენტაციის გადამოწმება. როგორც ლიცენზიის მქონე A და B კატეგორიის ტაქის მძღოლები,ისე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაწესდა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.