კალაძე: მიკროავტობუსის მძღოლები, ტაქსის მძღოლების მსგავსად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

1415

შემდეგი სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან მიკროავტუბსების მძღოლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მოადგილეებს სატელეფონო შეტყობინების სახით მძღოლების ინფორმირება დაავალა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათ მონაწილეობა მიიღეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინე ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ ქალაქებში ჩაყვანა. ყველა საკარანტინე სივრციდან თბილისის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

დახმარების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება. მინდა გთხოვოთ მოადგილეებს, რომ SMS-ის სახით როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, ასევე მიკროავტობუსების კომპანიას გაადასცეთ ეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამებით ისარგებლონ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.