კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება.
„ტურისტული სეზონისათვის აქტიურად ვემზადებით. სასტუმროებს იმასთან დაკავშირებით აქვთ მომართვა, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ იმ პროტოკოლების გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას აქვს დადგენილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ პირობებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. ვფიქრობ, ბევრი სასტუმრო, რომელიც ბრენდი არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ტურისტულ რუკაზეც, ძალიან მაღალ დონეზე მოემზადება და ემზადება იმისთვის, რომ როგორც კი, საშუალება ექნება ქვეყანას, შეარბილოს აკრძალვები, კახეთი კვლავ გახდეს ტურისტებისათვის მიზიდულობის ცენტრი.
ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს იქნება შიდა ტურიზმი და ამაზე მოთხოვნას თვითონ სასტუმროები და ტურისტული ორგანიზაციები აფიქსირებენ. შემდეგ, როცა უკვე მსოფლიო მასშტაბით მოხდება მიმოსვლის შერბილება, ალბათ, ჩვენ, როგორც მწვანე ზონა და მთლიანობაში საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, ძალიან დიდი ინტერესის სფერო გახდება დამსვენებლებისთვის. ეს არის არამარტო ჩვენი სურვილი, არამედ ეს ძალიან ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც გახლავთ. პირველი ტალღა შიდა ტურიზმი იქნება, ვინაიდან მსოფლიოში მიმოსვლა შეჩერებულია“, – განაცადა ქადაგიშვილმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.