ზახაშვილი: ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს

425

დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

„დღეისთვის პირბადისა და სამედიცინო ნიღბის ხმარება პრევენციის კარგ საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივ თავშეყრის სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებსა და აფთიაქებში მოხვედრისას რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ეს ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს ადამიანი. თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის 50-70%-ით შეამცირებს დაავადების გადადების რისკს, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი გარკვეულწილად შეამცირებს ინფიცირების რისკს. თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ასევე ზახაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებამ ჩვეულებრივი ნიღაბიც შეიძლება გამოიყენოს, მათ შორის საკუთარი ხელით დამზადებული და ქსოვილის რამდენიმე ფენისგან შეკერილი.

ზახაშვილის თქმით, მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარდება რეკომენდებული არ არის და აუცილებელია მათი ფიზიკური და სოციალური დისტანცირება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, „საზოგადოებას პირბადეებთან ერთად თანაცხოვრობა კარგა ხანს მოუწევს“.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.